Eng | Geo | Rus
სტატიები
    22 Apr. 2010
    რესურსების ინტეგრირებული მართვის ბილატერალური გეგმა

    ა.წ. 7-8 აპრილს ქვემო ქართლში, რატევანში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელმა (CENN) მოაწყო ორმხრივი რეგიონული შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა ორი რეგიონული ტრანსასაზღვრო პროექტის მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაზრდა და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მართვაში ფარგლებში. ეს უკანასკნელი პროექტი ხორციელდება CENN-ის მიერ Evangelischer Entwicklungsdienst /EED-ის ფინანსური მხარდაჭერით.

    პროექტს მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახორციელებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) CENN-თან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მდინარეების ხრამი-დებედასა და ალაზან-იორის აუზებში.

    ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს და სომხეთის ორივე პროექტის ეროვნული და ადგილობრივი კოორდინატორები, ასევე, ორივე ქვეყნის ფერმერები იმ სამიზნე სოფლებიდან, სადაც პროექტის მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმის (IRMP) შემუშავების მიზნით.

    შეხვედრას ესწრებოდა სოფიკო ახობაძე, REC Caucasus-ის წარმომადგენელი და ხუან ეჩანოვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენელი. ორმხრივ რეგიონულ შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ირაკლი ქობულია, IRMP სპეციალსიტი CENN-დან.

    შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმის შემუშავების პროცესში ორივე ქვეყნის ადგილობრივი კოორდინატორების მიერ ჩატარებული შეხვედრების და მათი შედეგების პრეზენტაცია და განხილვა. ასევე, ორივე ქვეყნის ფერმერებთან ერთად ადგილზე ჩატარებული IRMP და სხვა საკონსულტაციო შეხვედრების დროს იდენტიფიცირებული საქართველოსა და სომხეთში მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა.

    შეხვედრა გახსნა ნინო თევზაძემ, CENN-ის წარმომადგენელმა პროექტის მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეროვნულმა კოორდინატორმა. იგი მიესალმა დამსწრეებს, გააცნო მათ შეხვედრის მიზანი და დღის წესრიგი. თავის მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა დამსწრეებს შეხვედრაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა ბილატერალური რეგიონული შეხვედრის მნიშვნელობას პროექტისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა ტარდებოდა IRMP დოკუმენტის შემუშავების ფარგლებში. ეს უკანასკნელი კი, წარმოდგენს პროექტის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს, რომელიც მიმართული იქნება სამიზნე ტერიტორიებზე მიწის რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და მათი გადაჭრის გზებზე.

    გამოსვლის ბოლოს ნინო თევზაძემ აღნიშნა, რომ რადგანაც ზემოთ აღნიშნული ორივე რეგიონული პროექტი ხორციელდება ერთიდაიგივე სამიზნე ტერიტორიაზე, მდინარეეების ხრამი-დებედა და ალაზან-იორი აუზებში, გადაწყდა ამ პროექტების ძალისხმევის გაერთიანება რესურსების ინტეგრირებული ბილატერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში უფრო ეფექტური და პრაქტიკული გეგმების შემუშავების მიზნით.

    შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა ხუან ეჩანოვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი. თავის მისასალმებელ სიტყვაში ბატონმა ეჩანოვემ ხაზი გაუსვა, რომ მიწის დეგრადაცია და გაუდაბნოება, რაც გამოწვეულია გლობალური კლიმატის და ანტროპოგენული ფაქტორების რთული ურთიერთკავშირით, არის მნიშვნელოვანი გარმოსდაცვითი პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრად განვითარებაზე და აქვს უდიდესი გავლენა სოფლის მეურნეობაზე და ეკონომიკაზე. მან აღნიშნა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მიწის დეგრადაციაზე, ჩვენ ვეხებით არა მხოლოდ გარემოსდაცვით პრობლემებს, არამედ ვიხილავთ ასევე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. სიტყვის ბოლოს მან ხაზი გაუსვა მიწის დეგრადაციის ტენდენციის და დინამიკის შეფასების მნიშვნელობას, ასევე სამხრეთ კავკასიაში მიწის მდგრადი მართვის გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვის სტრატეგიის, მეთოდებისა და კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს რეგიონის სამივე ქვეყნის მთავარ დაინტერესებულ მხარეებს, მთავრობისა და მომხმარებელთა ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებს) შორის დიალოგის ჩამოყალიბებას. და რომ, ეს კონკრეტული შეხვედრა არის საუკეთესო მაგალითი იმ თანამშრომლობისა, რომელიც საჭიროა მიწის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისათვის.

    შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა სოფიკო ახობაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელი, რომელმაც ხაზი გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას პროექტის წარმატებისთვის.

    შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიესალმა ნინო გრაფრინდაშვილი პროექტის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა უნარ-შესაძლებლობების გაზრდა და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მართვაში კოორდინატორი, რომელმაც თავის გამოსვლაში ყველას მადლობა გადაუხადა დასწრებისათვის.

    მოგვიანებით საქართველოსა და სომხეთის ორივე პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორებმა წარმოადგინეს ადგილებზე ჩატარებული IRMP შეხვედრების შედეგები. პრეზენტაციების დროს მათ ისაუბრეს როგორც შეხვედრების მიმდინარეობის თავად პროცესზე, ასევე შეხვედრების ძირითად შედეგებზე. მათ წარმოადგინეს სამიზნე ტერიტორიებზე არსებული მთავარი პრობლემები; ძირითადი აქცენტი გაკეთდა მიწის რესურსების მართვის პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და ასევე, პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც შემუშავებულ იქნა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთნ მჭიდრო თანამშრომლობით.

    პრეზენტაციებს მოჰყვა აქტიური დისკუსია წარმოდგენილ საკითხებზე.

    შეხვედრის მეორე დღე მიეძღვნა ადგილებზე არსებული მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას ქართველ და სომეხ ფერმერებთან ერთად. ძალიან საინტერესო იყო დისკუსია მიწის რესურსების მართვასთან დაკაშირებული პრობლემების მოგვარების ფერმერების მიერ წარმოდგენილ ხედვასთან დაკავშირებით.

    ქართველმა და სომეხმა ფერმერებმა ასევე, ისაუბრეს მათ დამოკიდებულებაზე პროექტის მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმართ და მიწის რესურსების პრობლემატიკის აქტუალობაზე.

    შეხვედრის ბოლოს ნინო თევზაძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა დამსწრეებს მონაწილეობისათვის და გააცნო მათ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამომავალო საქმიანობები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სპეციალსიტები იმუშავებენ ხრამი-დებედას აუზის რესურსების ინტეგრირებული მართვის ბილატერალური გეგმის დასრულებაზე ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გეგმის შემუშავების პროცესში მოხდება კონსულტაციები შესაბამის ექსპერტებთან, განსაკუთრებით მჭიდრო იქნება ექსპერტებთან თანამშრომლობა მიწის რესურსების მართვის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისა და შერბილების ინტერვენციის მეთოდების / მექანიზმების შემუშავების ეტაპზე.

    ნინო თევზაძე
    კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
    T +995 32 75 19 03 / 04
    F +995 32 75 19 05
    nino.tevzadze@cenn.org  
    www.cenn.org


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი

© 2008 UNA Georgia