| 18 Jun'10 | მაშავერას დაბინძურების ფაქტს ლაბორატორიული ანალიზები ადასტურებს, ,,მადნეული” კი ბრალდებას უარყოფს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის მოსახლეობა მდინარე მაშავერას დაბინძურების გამო შეშფოთებულია. მათი განცხადებით, წყლის გამოყენება სარწყავადაც კი აღარ შეიძლება. ადგილობრივები მაშავერას დაბინძურების მიზეზად სააქციო საზოგადოება ,,მადნეულს” ასახელებენ.
მარიკა ჩაჩუა, ბოლნისი
სოფელ თამარისის მოსახლეობა მდინარე მაშავერაზე დახოცილ თევზს სახლში ტომრებით ეზიდებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თევზის მასიური დახოცვა წყალში მოხვედრილმა გაურკვეველმა ნივთიერებებმა გამოიწვია და ამ ფაქტს სააქციო საზოგადოება ,,მადნეულის” მიზეზით ხსნიან.
,,განსაკუთრებით ბოლო ორი დღე, მდინარე ფერშეცვლილი მოედინებოდა. თევზის დაჭერაც ძალიან ადვილად შეიძლებოდა”, - აცხადებენ სოფელ თამარისის მკვიდრნი.
მდინარის დაბინძურების მიზეზით გარემოს დაცვის სააგენტოც დაინტერესდა და ,,მადნეულისადმი” მოსახლეობის ბრალდების გადასამოწმებლად მიმდინარე წლის მაისში მდინარეების - მაშავერასა და კაზრეთულას შესართავებიდან 100 მეტრით ზემოთ და 500 მეტრით ქვემოთ წყლის სინჯები აიღო. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის დაბინძურების ხარისხი მდინარეების შეერთებამდე ბევრად მცირეა, მის შემდეგ კი ზღვარს გადაცილებული.
,,მაშავერა რამდენიმე დღეა ისეთი დაბინძურებული მოდის, რომ ხალხი აღშფოთებულია, ვერ ახერხებენ ვერც მორწყვას და ვერც ვენახის შეწამლვას, მდინარის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობა ხალხს აშინებს,” – განაცხადა ბოლნისელმა ნუგზარ კობახიძემ.
სააგენტოს მონაცემებით, მდინარე მაშავერაში გადაჭარბებული მოცულობითაა სხვადასხვა მძიმე ლითონები: სპილენძი, თუთია, მანგანუმი და რკინა. გასულ წლებთან შედარებით, მათი რაოდენობა ოთხჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.
სპეციალისტების აზრით, მაშავერაში ამდენი ქიმიური ნივთიერება მხოლოდ საწარმო ,,მადნეულის” მიზეზით შეიძლება მოხვედრილიყო და ადგილობრივების ბრალდებაც სამართლიანია. სეზონზე გახშირებული ნალექის გამო ,,მადნეულის” კარიერი ირეცხება და გაუწმენდავი წყალი მდინარე კაზრეთულაში ჩაედინება, რომელიც შემდეგ მაშავერას აბინძურებს.
,,აქამდე ვფიქრობდით, რომ ამ რაოდენობის ნივთიერებების მდინარეში მოხვედრა მხოლოდ ,,მადნეულის” მიზეზით შეიძლებოდა. თუმცა ამის დასადასტურებელი ფაქტი ვერ ვიპოვეთ, გარდა წყლის სინჯებისა, რომელშიც დიდი შემცველობითაა ქიმიური ნივთიერებები”, - აცხადებს ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ბოლნისის ადგილობრივი კოორდინატორი გიორგი დემურაშვილი.
მდინარის დაბინძურების ბრალდებას უარყოფენ სააქციო საზოგადოება ,,მადნეულში”. მათი თქმით, კარიერებიდან წყლის ამოტუმბვა აღარ ხდება და, შესაბამისად, მისი ჩადინება კაზრეთულაშიც გამორიცხულია. კომბინატის შრომის, ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსის ზაზა ჯიჯეიშვილის განმარტებით, მდინარის რამდენიმედღიანი დაბინძურება ვიღაცეების წინასაარჩევნოდ გამიზნული ქმედება იყო.
,,კომბინატში გარემოს დაცვის ინსპექციამ საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა. რაც შეეხება მდინარის დაბინძურებას, ასეთი ორი შემთხვევა მართლა დაფიქსირდა. ერთის დროს, ვიღაცამ თევზის დასაჭერად წყალში ქლორი ჩაყარა და დამნაშავე გარემოს დაცვის ინსპექციისგან დაჯარიმდა კიდეც. მეორე შემთხვევა საარჩევნოდ გამიზნული მავნებლობა იყო და არც ერთ ფაქტთან საწარმოს კავშირი არა აქვს”, - აცხადებს ჯიჯეიშვილი.
იმის დადგენამდე, ვისი ან რისი მიზეზით მოხვდა მდინარეში ტოქსიკური ნივთიერებები, მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მაინც იყენებს. ამის გამო, მძიმე ლითონების მოხვედრა იმ პროდუქტებში, რომელიც ამ ტერიტორიებზე მოჰყავთ, პრობლემას არ წარმოადგენს. ადგილობრივების გარდა, ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებით ქალაქის მაცხოვრებლებიც მარაგდებიან.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე გერმანიის გისენის უნივერსიტეტის პროფესორი პეტერ ფელიქს-ჰენინგსენი მოხსენებით გამოვიდა და მდინარე მაშავერას ეკოლოგიური აუზის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საფრთხე სერიოზულია. პეტერ ფელიქს-ჰენინგსენმა განცხადება და კონკრეტული დასკვნა ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როცა არჩევნები აქტიურ ფაზაშიც კი არ იყო შესული.
,,მდინარის დაბინძურება ჯაჭვური თანმიმდევრობით აისახება ამ ადგილებში მოყვანილ საკვებ-პროდუქტებშიც. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი მძიმე ლითონები კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა”, - განაცხადა გერმანელმა პროფესორმა.
იმის მიუხედავად, რომ მაშავერას დაბინძურების ფაქტს ლაბორატორიული ანალიზები ადასტურებს და ამას სპეციალისტებიც ახმაურებენ, მიზეზი და გამოსავალი ამ დრომდე ვერავინ დაადგინა.
ადგილობრივები კი წყალს სარწყავად მთელი ზაფხული აქტიურად გამოიყენებენ და ქალაქების ბაზრებსაც რკინით, სპილენძით, თუთიით და მანგანუმით გაჯერებული პროდუქტებით უპრობლემოდ მოამარაგებენ.
www.cenn.org
|