Eng | Geo | Rus
მისალმება

ახალგაზრდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიძლიერე მისი მრავალფეროვნებაა.

ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ავაშენოთ სახელმწიფო, რომლის ყველა მკვიდრს, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა, ექნება განცდა იმისა, რომ ის ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეა.

ჩვენ უნდა დავძლიოთ გაუცხოება, რომლის მიზეზი ხშირად სახელმწიფო ენის არცოდნაა. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა ეთნოსმა შეინარჩუნოს თავისი უნიკალური თვითმყოფადობა.

სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი არ არის მოკლე ვადაში მიღწევადი ამოცანა. ამ პროცესში, ცხადია, ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფოსა და უმცირესობის ჯგუფების თანამშრომლობა. თუმცა, პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ განსხვავებულობისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების აუცილებლობას ვერ გააცნობიერებს მთელი საზოგადოება.

ამ ერთიანობის გამოძახილი უნდა იყოს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია, რომლის შემუშავებაზეც დღესდღეობით პრეზიდენტთან არსებული საბჭო მუშაობს. საბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის და თავად უმცირესობათა წარმომადგენლები. ეს დოკუმენტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დეკლარირება იქნება იმ პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უმცირესობებთან მიმართებაში ახორციელებს და რომელიც სამოქალაქო ცნობიერებაზე დამყარებულ ხედვას ეფუძნება.

ცხადია, ჩვენ ვერ შევქმნით იმაზე ღირებულ ნაციონალური ინტერესების კონცეფციას, ვიდრე ეს ევროპაზე გაცილებით ადრე, XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა შექმნა.

დავით აღმაშენებლის მსგავსად დღეს ჩვენ ვეუბნებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ოსს, აფხაზს, სომეხს, აზერბაიჯანელს, რუსს, ებრაელს, ბერძენს, უკრაინელს, ასირიელს -  ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე დაიბადა და ცხოვრობს, რომ საქართველო ჩვენი საერთო სახლია, მრავალფეროვნება კი ის უნივერსალური ღირებულება, რომელიც ყველა ჩვენთაგანს საერთო გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი


გალერეა
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია

ეთნიკური რუკა
იხილეთ ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ საქართველოს რეგიონების მიხედვით
კალენდარი
9 თებ. - ტუ ბი-შვატი - ებრაული
13 თებ. - ხიდერ ნაბი და ხიდერ ალიასი – წმინდანების დღე - იეზიდური
16 თებ. - სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე - ლიტვა

© 2008 UNA Georgia